ხანძარი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

ხანძარი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

3 თებერვალს ღამით, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ისპანის ჭაობს ხანძარი გაუჩნდა. ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რომელიც ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (ისპანი I) და ქობულეთის აღკვეთილს (ისპანი II) მოიცავს შავი ზღვის გასწვრივ, ქალაქ ქობულეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. ისპანი II წარმოადგენს რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, მიგრირებდი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელ მნიშვნელოვან ჭარბტენიანი ტერიტორიას.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩნდება, მიზეზს კი ირგვლივ არსებული საკარმიდამო ნაკვეთების სიახლოვე და ადგილობრივი მოსახლეობის დაუდევრობა წარმოადგენს. ადგილზე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, ნიადაგის ვითომდა განოყიერების მიზნით, მოსახლეობა ბალახის საფარს ცეცხლს უკიდებს. ამ პრაქტიკის შედეგად, ერთის მხრივ ნიადაგი იფიტება და ეროზიული პროცესებს ეყრება საფუძველი. მეორეს მხრივ კი, ასეთ შემთხვევებში ხანძარი ხშირად ირგვლივ მდებარე ტერიტორიებზეც ვრცელდება.

ხანძრის კერამ ისპანის ტერიტორიის დაახლოებით 5 ჰექტარი მოიცვა და ჩრდილოეთის ისლის ხმელი ფოთლები და ჯუჯა ბუჩქები დააზიანა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება 3 საათში მოახერხეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ხანძრის განზრახ გაჩენით სხვისი საკუთრების დაზიანებას გულისხმობს. საქმეს ქობულეთის რაიონული პოლიცია იძიებს.

სამომავლოდ, მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო საგანანმანათლებლო დისკუსიების ჩატარებას გეგმავს, რათა მოსახლეობას ნათელი წარმოდგენა შეექმნას, თუ რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია ნიადაგთან დაკავშირებით განხორციელებულ მსგავს მანიპულაციებს.