დართლო-კვავლო
/ 25 კმ, 2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /
მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, სოფელი დართლო, დართლოს საბჭეო, კვავლოს ულამაზესი ციხე-კოშკი.
მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან, გაივლის სოფელ ომალოს და ეშვება ქუეში - პირიქითის, გომეწრისა და ჩაღმის თემების გასაყარ მინდორზე. აქედან წითელთის ფიჭვნარი ფერდობის საცხენოსნო ბილიკით ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე - საყრილობო ღელეზე, რომლის ძირში მდებარე პატარა ველი ოდითგანვე იყო თუშეთის ოთხივე თემის საყრილობო ადგილი.
ამ ველიდან გზა მიუყვება წყალგამყოფი ქედის ჩრდილო ფერდობს უღელტეხილისაკენ დართლოს მიმართულებით. სოფელი დართლო თუშეთში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი არქიტექტურული ანსამბლითა და საერთო ლანდშაფტით.
სოფელ დართლოდან სამანქანო გზა ადის სოფელ დანოში, საიდანაც გადადის სოფელ კვავლოში. ბილიკს გადმოჰყურებს კვავლოს პირამიდის ფორმის სახურავიანი კოშკი. სოფელი გაშენებულია კლდოვანი მთის კალთებზე. უბნები დაკავშირებულია ქვით ამოშენებული ბილიკებითა და გაჭრილი გასასვლელებით.
ტურის აღწერა:
დღე I: სოფელი ომალო - ღელე - სოფელი დართლო. მანძილი 12 კმ, ღამის გათევა შესაძლებელია სოფელ დართლოს საოჯახო სასტუმროებში. სოფლის სიახლოვეს შესაძლებელია კარვების გაშლა;
დღე II: სოფელი დართლო - სოფელი დანო - სოფელი კვავლო. სოფელი დართლო - ღელე - სოფელი ქვემო ომალო / ვიზიტორთა ცენტრი (მანძილი 13 კმ).