17 ივნისს გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

გაუდაბნოება და გვალვა გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემაა. ყოველწლიურად, მსოფლიოში 12 მილიონი ჰექტარი მიწა იკარგება გაუდაბნოებისა და გვალვების შედეგად.
გაუდაბნოება ნაყოფიერი მიწების უდაბურ ადგილად გადაქცევის პროცესია, რომლის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია ჭარბი და არამდგრადი ძოვება, ტყის ჩეხვა, სასუქებისა და პესტიციდების ჭარბად გამოყენება, ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილება.
გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე გვახსენებს, ვიმოქმედოთ დაზიანებული მიწის აღდგენისა და მისთვის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნებისთვის. მიწის აღდგენის გარეშე, შეუძლებელია სურსათისა და წყლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაბინძურების შემცირება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციას საქართველო 1999 წელს შეუერთდა. მას შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოორდინაციას უწევს ამ პრობლემასთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.