დაცულ ტერიტორიებს შორის ეკოკორიდორები ჩამოყალიბდება

რეგიონული პროექტის - „ეკოლოგიური კორიდორები კავკასიაში" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „ვერე პალასში". პროექტი მიზნად ისახავს დაცულ ტერიტორიებს შორის დამაკავშირებელი ეკოკორიდორების შექმნას. საქართველოში პილოტურ კორიდორად შერჩეულია დასავლეთ მცირე კავკასიონი. პროექტის ფარგლებში ეკოკორიდორების ფონდი ჩამოყალიბდება, გრანტის მოცულობა კი სამხრეთ კავკასიის რეგიონში 8 მილიონ ევროს შეადგენს.

პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს ( BMZ) ფინანსური მხარდაჭერით. 
პრეზენტაციას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.