გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის პროცესის გამარტივებას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. პროექტი გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებზე.
ბირთვისის ისტორიულ-კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის მოწყობა ბუნებაში მინიმალური ჩარევით ხორციელდება.
„დაცული ტერიტორიების შექმნა და გაფართოება ჩვენი გარემოს დაცვისა და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მტკიცე გარანტიაა. კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევის ფონზე, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ბუნების დაცვის სწორი პოლიტიკის განსაზღვრა და მისი აღსრულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დავიცვათ ბუნება და გარემო, ხოლო მეორე მხრივ, გავხადოთ მიმზიდველი და ეკონომიკურად გავააქტიუროთ ისინი. აღნიშნულ მიზანს ემსახურება ეკოტურიზმის განვითარების არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც, თავის მხრივ, აძლიერებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ტურისტული სერვისების მიწოდებაში და ხელს უწყობს დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ამლევის მხრიდან, გადასახედი პლატფორმა, სამი დაკიდებული ხიდი, საქანელა, კოტეჯები და ზიპლაინი. განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს დაცულ ტერიტორიებზე პირველი ვია ფერატას მოწყობა-ეს არის კლდოვან რელიეფზე მოწყობილი მარშრუტი, რომელიც ექსტრემალური და აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.