წალკის კანიონზე მასშტაბური ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა; კერძო საერთაშორისო ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს

საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე - წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. 

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. უნიკალური დიზაინის გარდა, აღსანიშნავია საინჟინრო ნაწილი, რომლის პროექტირებაშიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები. მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები, აუზები, მუსიკალური და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისათვის  საჭირო ინფრასტრუქტურა აშენდება.

„პანდემიით შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, წალკის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები არც ერთი დღით არ შეჩერებულა. პროექტის საინვესტიციო პორტფელი 30 მილიონი ლარით გაიზარდა და 120 მილიონი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე. პროექტის წარმატება აუცილებლად შეუწყობს ხელს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდას“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

როგორც კომპანიის KASS LAND დირექტორმა, ეკატერინე თორდიამ აღნიშნა, წალკის კანიონის პროექტი უნიკალური და მასშტაბურია. ამავე დროს, მშენებლობა გარემოს არ აზიანებს და მის პირვანდელ სახეს არ ცვლის.

„წალკის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები მალე დასრულდება. ეს იქნება მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვარიელებელს.

კანიონი ქ.თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.