კინტრიშის დაცული ტეროტორიების ბიომრავალფეროვნება

  

კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის ტერიტორიაზე მაღალი ტენიანობის ჰავას წარმოქმნის, ჰავა კი აქ წარმოდგენილი უნიკალური ფლორისტული მრავალფეროვნების განმსაზღვრელი ფაქტორია.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ულამაზესი ლანდშაფტები წარმდგენილია: მთიანი რელიეფით, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაცი ხეობებით, მცირე ზომის ღელეებითა და ვიწრო ხევებით დასერილი ტერიტორიით.
ადგილობრივი ფლორა და ფაუნა წარმოდგენილია მრავალი საქართველოს, კავკასიისა და აჭარის ლოკალური ენედემებისა და რელიქტური სახეობებით.

ფლორა

კინტრიშის დაცული ტერიტორიების დაახლოებით 80 % ტყითაა დაფარული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის, ყველაზე დიდი ტყით დაფარული ფართობია.

კინტრიშის ტყეს ახასიათებს აჭარული ენდემების სიმრავლე.

ქვეტყე წარმოდგენილია კოლხური ტიპის მარადმწვანე ბუჩქებითა და გვიმრებით.

კინტრიშის ტერიტორიაზე ბოტანიკოსების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: მარადმწვანე შქერიანები - პონტოური შქერის, კავკასიური დეკის, მოცვის, წყავის და იელის ბუჩქები. ეს ბუჩქნარი მთებში, არყნარებისა და პონტოს მუხებს ქვეშ, ალპური და სუბალპური ზონების საზღვართან იზრდება.

დაცული ტერიტორიების დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. აქ ხე - მცენარეების 46, ბუჩქის 4 და ლიანების 8 სახეობაა გავრცელებული. ულამაზეს სანახაობას ქმნის ჯუჯა წიფლის ხეებით გარშემორტყმული ტბიყელი. ყველაზე დიდი ფართობი წიფლნარ ტყეებს უკავიათ, შედარებით ნაკლები - წაბლნარს, ხოლო მცირე ფართობებითაა წარმოდგენილი: რცხილნარი, მუხნარი, სოჭნარ-ნაძვნარი, ცაცხვნარი, თხილნარი, მურყნარი, აბზინდი, წყავის, შქერისა და დეკიის რაყი. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე უთხოვრის ეგზემპლარიც იზრდება, რომელთა ასაკი 1000 წელს აღემატება. ხავსით დაფარული ქვები ულამაზეს პეიზაჟს ქმნის, 1000 წლიანი ბზის კორომებითან ერთად, რომელიც მიუყვება ჩანჩქერისაკენ მიმავალ მდინარის ნაპირს.

რელიქტური და ენდემური მცენარეები

პონტოური მუხა, მედვედევის არყი, უნგერნის შქერი, პონტოური შქერი, უთხოვარი, კოლხური ჯონჯოლი, თაგვისარა, კავკასიური ხურმა, ჩვეულებრივი წაბლი.
საქართველოს ‘წითელი ნუსხის” მცენარეებიდან გვხვდება იმერული მუხა, პონტოური მუხა, ჰართვისის მუხა, კოლხური ბზა, უთხოვარი, მედვედევის არყი, წაბლი, ხემარწვა, ლაფანი, უნგერნის შქერი.

ფაუნა

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე მტაცებლებიდან ბინადრობს მურა დათვი, რომლის პოპულაცია საკმაოდ სტაბილურია. აქ იშვიათად შეინიშნება მგელი ან ფოცხვერი.

ჩლიქოსნებიდან ტყეებში ბინადრობს შველი, ალპური და სუბალპური სარტყლების საზღვარზე კი არჩვი.
მცირე ძუძუმწოვრებიდან კინტრიშის ხეობის მკვიდრები არიან: თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა. კარგად არ არის შესწვალილი ნაკრძალში წავის პოპულაცია, თუმცა ეს ცხოველი ადრე არაერთხელ უნახავთ ხეობაში.

მდინარეები და ხევები მდიდარია კალმახით. მდინარე კინტრიშის ქვემო დინებაში ვხვდებით შამაიას და საზანს. შავი ზღვიდან საქვირითოდ ამოსული ორაგული კინტრიშის მდინარეებში იშვიათად გვხვდება.

ამფიბიებიდან გვხვდება: კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, კავკასიური გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე სამი ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობაა წარმოდგენილი: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა.

აქაური ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე აღრიცხულია ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი და ჩვეულებრივი კირკიტა. ღამის მტაცებლებიდან გვხვდება: ზარნაშო, წყრომი და ჭოტი. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური და სხვა.

რაც შეეხება მწერებს, ინფორმაცია მათ შესახებ ძალიან მწირია, თუმცა უკანასკნელი მონაცემების მიხედვით აქ გამოვლენილია ბზუალებისა და ხტუნიების ოჯახების წარმომადგენლები.

ენდემური ცხოველები

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე 28 სახეობის ენდემური წვრილი ძუძუმწოვარი ბინადრობს: ევროპული ზღარბი, კავკასიური ციყვი, რუხი ვირთაგვა და ღამურების რამოდენიმე სახეობა.

მწერებიდან აღსანიშნავებია: კავკასიის ენდემური ხოჭო ხტუნიების ოჯახიდან - Cicindela desertorum, ხოლო ბზუალა ხოჭოებიდან: კავკასიის ენდემები - Carabus armeniacus subincatenatus, Carabus roseri Faldermann, Carabus septemcarinatus Motschulsky, და საქართველოს ენდემი - Carabus ibericus chaudoirianus, აჭარის ენდემური ქვესახეობა- Carabus pushkini kintrishensis.

საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი სახეობებია გავრცელებული: კალმახი, კავკასიური სალამანდრა, მურა დათვი და წავი, კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი, ბეგობის არწივი, შავარდენი, მცირეაზიური ტრიტონი. ყურადღებას იქცევს კასპიური შურთხი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსერვაციული სტატუსის მქონე ფრინველია.