საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება

  

რიწის ნაკრძალი

ფლორა 

აფხაზეთის ფლორა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამ ტერიტრირიაზე 2000-ზე მეტი მცენარეა წარმოდგენილი, რომელთაგან 800 სახეობა რიწის ნაკრძალში მოიპოვება. ამ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნება საქართველოს აბორიგენული ფლორის 20%-ს, ხოლო კავკასიის 13%-ს შეადგენს. რიწის ნაკრძალის 14 922 ჰა (91%) ტყითაა დაფარული, აქ 120 სახეობის ხე და ბუჩქი იზრდება. ნაკრძალის ტყის საერთო ფართობის 70% კავკასიურ სოჭს (Abies nordmanniana) უკავია, წიფლის კორომებს 22%, ხოლო დანარჩენი ტყე წარმოდგენილია: მუხნარის, ფიჭვნარის, ნაძვნარის, რცხილნარის, ნეკერჩხლიანების, არყნარის და ცაცხვნარისგან. ნაკრძალში, დაახლოებით, 590 ჰექტრის ფართობზე გავრცელებულია კოლხური ბზის კორომი. ნაკრძალში ტყეების 26% ხელუხლებელი სახითაა წარმოდგენილი.

საქართველოს "წითელი ნუსხის" მცენარეები 

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეებიდან, აღსანიშნავია კოლხური ბზის (Buxus colchica) საკმაოდ მოზრდილი ფართობი; ასევე გვხვდება უთხოვარი, კოლხური ჯონჯოლი, ჩვეულებრივი წაბლი, კაკალი და სხვ.

ენდემური მცენარეები  

ნაკრძალში წარმოდგენილი მცენარეების უმრავლესობა საქართველოსა და კავკასიის ენდემებია, მათგან აღსანიშნავია: კოლხური ბზა, კავკასიური მოცვი, იმერული ხეშავი, კოლხური ჭნავი, კოლხური სურო, კოლხური ჯონჯოლი, იმერეთის ხეჭრელი, აღმოსავლეთის წიფელი, კავკასიური სოჭი და სხვ.

ფაუნა 

რიწის ნაკრძალში მრავალი ძუძუმწოვარი ბინადრობს, მაგალითად: მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, მელა და შველი. ზამთრის პერიოდში საკვების ძიებაში ნაკრძალს სტუმრობენ მაღალიმთების მკვიდრნი: დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი და არჩვი. აქ გვხვდება: ზღარბი, თხუნელა, კავკასიური ციყვი და პატარა მტაცებელი სინდიოფალა. ნაკრძალში ტყის კვერნა და მაჩვიც ბინადრობს.

რიწის ტერიტორიაზე მობუდარ ფრინველთა 69 სახეობიდან, 37 ბეღურასნაირთა ოჯახს განეკუთვნება. მდინარეების ნაპირებთან ბოლოქანქარების და წყლის შაშვების ნახვაა შესაძლებელი. რიწის ტბის მიდამოებში 8 სახეობის მტაცებელი ფრინველი ბუდობს, მათგან ყველაზე ხშირად: მიმინოს, ქორს, ჩვეულებრივ კაკაჩას და კირკიტას შეხვდებით. ტყეებში ღამის მტაცებლები: ზარნაშოები, ტყის ბუები და ოლოლები ბუდობენ. ნაკრძალში სხვადასხვა სახის კოდალას ნახვაცაა შესაძლებელი.

ნაკრძალის მდინარეები და თავად რიწის ტბაც მდიდარია კალმახით (Salmo fario trutta). პატარა რიწის ტბაში კი თევზი საერთოდ არ მოიპოვება.

ამფიბიებიდან ნაკრძალში წარმოდგენილია: ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, ტბის და მცირეაზიული ბაყაყები.

რეპტილიებიდან გვხვდება კავკასიური, ართვინული და კლდის ხვლიკები, წყლის ანკარა, სპილენძა გველი, ესკულაპის მცურავი და სხვ.

საქართველოს "წითელი ნუსხის" სახეობებიდან ნაკრძალის ტყეებში გვხვდება: კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), მურა დათვი (Ursus arctos), დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი (Capra caucasica) და არჩვი (Rupicapra rupicapra). ნაკრძალი ისეთი იშვიათი და საინტერესო ფრინველების საბუდარია, როგორიცაა: მთის არწივი (Aquila chrysaetus) და კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi). ქვეწარმავლებიდან იშვიათი და გადაშენბის საფრთხის წინაშე მყოფი კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) გვხვდება. მდინარეები და თავად რიწის ტბაც მდიდარია კალმახით (Salmo fario trutta).

ენდემური სახეობები რიწის სახემწიფო ნაკრძალში გავრცელებულია 40-მდე სახეობის საქართველოსა და კავკასიის ენდემური მსხვილი და წვრილი ძუძუმწოვარი: დასავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra caucasica), პრომეთეს მემინდვრია (Prometheomys schaposchnikowi), აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი (Erinaceus concolor), კავკასიური თხუნელა (Talpa caucasica Sat.), რადეს ბიგა (Sorex reddei Sat), გრძელკუდა კბილთეთრა (Crocidura gueldenstaedti Pall.) და სხვ.

ასევე აღსანიშნავია კავკასიის ენდემები: კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasicus) და მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus).

  

ლიახვის ნაკრძალი

ფლორა  

ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში ქართული მუხნარი. სუბალპური სარტყლის ტყეებში - ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii) დომინირებს, უფრო მაღლა კი მაღალმთის ბოკვიანები და სუბალპური ბუჩქნარი, მეტწილად დეკიანები გვხვდება.

დიდი ლიახვის აუზთან შედარებით პატარა ლიახვის ხეობაში ნაძვნარი უფრო მცირე ტერიტორიაზე გვხვდება. ნაკრძალში გავრცელებული სუბალპური მაღალბალახეულობის ძირითადი სახეობებია: დიდფოთოლა ხარისშუბლა, ეშმაკის ქოში, აღმოსავლური ტილჭირი, ალოშა, ღიმი, მარიამა და სხვ.

საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები - ინფორმაცია აქ წარმოდგენილი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ ძალიან მწირია. აქ გვხვდება უთხოვარი (Taxus baccata) და ყამბრო (Crataegus pontica).

ფაუნა  

ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ძუძუმწოვრებია: კურდღელი, მელა, მგელი, კლდის და ტყის კვერნები, სინდიოფალა. ლიახვის ნაკრძალის ნამდვილი მბრძანებელია მურა დათვი (Ursus arctos), რომლის კვალიც  ტყეებშიც და ალპურ იალაღებზეც შეიძლება ნახოთ. ნაკრძალში ამ ცხოველის საკმაოდ დიდი და სტაბილური პოპულაცია ბინადრობს. აქ ასევე გვხვდება გარეული ღორი (Sus scrofa) და შველი (Capreolus capreolus). ხოლო ალპურ იალაღებზე იშვიათი და გადაშენების პირას მისული არჩვები (Rupicapra rupicapra) ბინადრობენ.

პატარა ლიახვის ორნითოფაუნა ძალზე მდიდარია. ნაკრძალში ბუდობს იშვიათი მთის არწივი (Aquila chrysaetos). სხვა მტაცებელ ფრინველთაგან ხეობაში გვხვდება: კაკაჩა, ქორი, მიმინო, ალალი, კირკიტა, ღამის მტაცებლები: ტყის ბუ, ჭოტი და ზარნაშო. პატარა ლიახვის ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალა ბუდობს, მდინარეების ნაპირებზე წყლის შაშვების და ბოლოქანქარების ხილვაა შესაძლებელი. ნაკრძალის ორნიტოფაუნას წარმოადგენენ: მერცხალი, ჩიტბატონა, ჭინჭრაქა, შაშვი, ყორანი, თეთრგულა შაშვი, სხვა მრავალი პატარა თუ შედარებით დიდი ზომის ფრინველი.

საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები 

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებიდან აქ 17 სახეობის ცხოველი ბინადრობს. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება: მურა დათვი (Ursus arctos), არჩვი (Rupicapra rupicapra), ფოცხვერი (Lynx lynx) და კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus).

ფრინველებიდან აქ გვხვდება ისეთი მნიშვნელოვანი სახეობები, როგორიცაა: კრავიჭამია (ბატკანძერი), მთის არწივი, სვავი, შავთვალა მიმინო, წითელფეხა შავარდენი, კავკასიური შურთხი, რუხი წერო, ბუკიოტი და შავთავა წივწივა. ქვეწარმავლებიდან კი ბინადრობს ხმელთაშუაზღვის კუ.

ნაკრძალის მდინარეებში - პატარა ლიახვში და მის მრავალრიცხოვან შენაკადებში უხვად მოიპოვება კალმახი (Salmo fario trutta).

ენდემური ცხოველები 

არსებული ინფორმაციის თანახმად, ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალში გავრცელებულია  კავკასიის 6 და საქართველოს ენდემური წვრილი ძუძუმწოვარი სახეობა: მცირე ტყის თაგვი (Sylvamus uralensis), პონტო თაგვი (Sylvaemus ponticus), ჩვეულებრივი მემინდვრია (Microtus arvalis), დაღესტნური მემინდვრია (Terricola daghestanicus) და სხვ.