მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია
/ შეიქმნა 1935 წ. /
დირექტორი: ზვიადი ტიგინაშვილი
ტელ: 599 85 92 92 | ელ-ფოსტა: ztiginashvili@gmail.com
ფეისბუქის გვერდი: მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი/Mariamjvari State Reserve
მისამართი: საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. N15
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შედის: მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი (1022,5 ჰა), ყორუღის აღკვეთილი (2068 ჰა) და იორის აღკვეთილი (2126,8 ჰა).
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე, ქ. საგარეჯოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, სოფ. ანთოკის ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი საერთო ფართობია 1022,5 ჰა-ს შეადგენს. მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნას საფუძვლად კავკასიის რელიქტის - სოსნოვსკის ფიჭვის (Pinus Sosnowsky Nakai) ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნება დაედო. მათი ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება. აქ წარმოდგენილია ფიჭვის ხეების ვარჯების სხვადასხვა ფორმებს (პოლიმორფიზმებს) მეტყევე მეცნიერები ყოფენ როგორც პირამიდულს (Pinus Sosnowsky Nakai var. pyramidalis Kurd.), კომპაქტურს (Pinus Sosnowsky Nakai var. compacta Kurd.), ოვალურსა (Pinus Sosnowsky Nakai var. ovalus Kurd.) და ქოლგისებრს (Pinus Sosnowsky Nakai var. umbraculifera Kurd.).
ყორუღის აღკვეთილი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საგარეჯოსა (1489 ჰა) და გურჯაანის (579 ჰა) მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი განლაგებულია იორის ხეობაში და წარმოადგენს უსწორო ფორმის ვიწრო ზოლს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით. აღკვეთილის ადნინისტრაციული შენობა მდებარეობს მე-2 კვარტალში, რომელიც ქ. საგარეჯოდან დაშორებულია 14 კმ-ით, ხოლო თბილისიდან 64 კმ-ით.
იორის აღკვეთილი გარე კახეთში, სიღნაღის ადმინისტრაციული რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 2126,8 ჰა-ს შეადგენს. აღკვეთილის ტყეები განლაგებულია მდინარე იორის ხეობაში. იგი ყორუღის აღკვეთილის სამხრეთ საზღვართან გამავალ სარწყავ არხთან და დალის წყლის წყალსაცავთან ჭაჭუნის სახელმწიფო აღკვეთილის ჩრდილოეთ საზღვართან მთავრდება. აღკვეთილის ტერიტორიას ორივე მხრიდან სიღნაღის რაიონის მიწის ფონდის სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ძირითადად - საძოვრები ესაზღვრება.
აღკვეთილის ტერიტორია ქ. სიღნაღიდან დაშორებულია 30 კმ-ით, ხოლო თბილისიდან 135 კმ-ით.
ყორუღისა და იორის აღკვეთილების შექმნის მთავარი მიზნებია: უნიკალური ჭალის ტყეების (ყორუღი), ტუგაის ტიპის ტყეების (იორი) ფლორისა და ფაუნის დაცვა, მოვლა და აღწარმოება.
ყორუღის აღკვეთილი
ყორუღის აღკვეთილს დაცული ტერიტორიების IV კატეგორიის ანუ აღკვეთილის სტატუსი 1996 წელს მიენიჭა. აღკვეთილის ფართობი ამჯამად 1 716 ჰექტარს შეადგენს.
ყოღუღის აღკვეთილს მართავს მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია.
ყორუღის აღკვეთილში, მდ. იორის ნაპირებზე შემორჩენილია ჭალის ტყე. მისი შემქმნელი ძირითადი ხე-მცენარეებია: მაღალი ტირიფი, ხვალო ანუ ჭალის ვერხვი, ოფი, ჩვეულებრივი მურყანი, ჭალის მუხა და ზოგიერთი სხვა. ქვეტყეში იზრდება ძეძვი, ქაცვი, ქართული კოწახური, ჭალა-ფშატა და სხვ. ჩვეულებრივია ლიანები: აღმოსავლური კატაბარდა, ეკალღიჭი, ღვედკეცი და სხვ. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა, ძირითადად უროიანები ესაზღვრება.
ცივ-გომბორის აღკვეთილი
ცივ-გომბორის აღკვეთილის დაარსების შესახებ კანონი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. აღკვეთილის ფართობი 4935,8 ჰა-ს მოიცავს. ცივ-გომბორის აღვკეთილის დაარსების მიზანს ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს „წითელი ნუსხის“ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დაცვა წარმოადგენს.
ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული ისეთი მერქნიანი სახეობები, როგორებიცაა: მაღალმთის მუხა, ჭალის მუხა და უთხოვარი. „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია არამარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით.
საქართველოს „წითელი ნუსხის“ ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინადრობს მურა დათვი. იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი. ამასთანავე, აღნიშნულ ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა - აქ მოხვედრილ ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა, მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან.