მტირალას ეროვნული პარკის დამატებითი ღირსშესანიშნაობები
რეგიონში შესაძლებელია მოინახულოთ:
- გონიოს ციხე, აფსაროსი — ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან, მარცხენა მხარეს. ამ რეგიონში აღმოჩნდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დაიაენი და კულხა (ძვ.წ. XIII-VIII სს.).
- ბათუმის ბოტანიკური ბაღი - გაშენებულია ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით, მწვანე კონცხზე, 111 ჰა ფართობზე და 2.5 კმ დაშორებით მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციიდან.
- უძველესი ისტორიული პეტრას ციხე - მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე, ის ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება.
- წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია - მდებარეობს ქალაქ ბათუმში. მისი მშენებლობა 1865 წელს დასრულდა და სამლოცველო იმ დროისათვის ბათუმში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობად ითვლებოდა.
- წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი - ბათუმის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეკლესიის მშენებლობა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III უშუალო დაფინანსებით 1888 წელს დაიწყო და 1906 წელს დასრულდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი გაუქმდა და თავისი ტერიტორიებით სამხედრო ჰოსპიტალს გადაეცა. 1997 წლის 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე აღდგენილი ტაძარი საზეიმოდ აკურთხა ბათუმის და სხალთის ეპისკოპოსმა (ამჟამად ბათუმის,ლაზეთის და ჩრ.ამერიკის მიტროპოლიტი) დიმიტრიმ საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად.
- ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესია - 2000 წელს იქნა აგებული ბათუმელი კათოლიკეების მიერ. ეკლესია ამიერკავკასიის ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. ტაძარს ხშირად სტუმრობს საქართველოში ვატიკანის ელჩი და აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა. აღსანიშნავია, რომ კათოლიკურ სარწმუნოებას საქართველოში დაახლოებით 50 ათასი მიმდევარი ჰყავს. ფოტო გალერეა
- 1899 წელს ბათუმში მცხოვრებმა ებრაელებმა მიიღეს ნებართვა იმპერატორისაგან სინაგოგის აშენების თაობაზე. სინაგოგა ცნობილი არქიტექტორის ლევ ვოლკოვიჩის პროექტის მიხედვით 1904 წელს აიგო, ამავე წელს ბათუმელმა ებრაელებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ახალი სინაგოგის გახსნა. 1929 წელს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით სხვა რელიგიური აღმსარებლობის ცენტრებთან ერთად, სინაგოგამაც შეწყვიტა ფუნქციონირება. გაუქმებულ სინაგოგაში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა სხვადასხვა სპორტული ორგანიზაცია. 1998 წელს ბათუმელ ებრაელებს დაუბრუნდათ თავიანთი საკულტო შენობა. ამავე წელს შენობას სარემონტო სამუშაოებიც ჩაუტარდა. ფოტო გალერეა
- ბულვარის გაშენება 1881 წლიდან დაიწყო. მისი შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს ა.ი. სმეკალოვს ეკუთვნის, რომელმაც ზღვისპირა ბულვარის გაშენება ცნობილ გერმანელ მებაღეს - რესელერს დაავალა. ბულვარმა თავისი არსებობის ისტორიაში განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. 1977 წლიდან ბულვარში ფუნქციონირებს ფერადი მოცეკვავე შადრევნები, რომლის არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ქართველ ავტორ გ. ერქომაიშვილს. 2008 წლის სექტემბერში შადრევანი განახლებული სახით დაუბრუნდა ქალაქს. ფოტო გალერეა
- ბათუმის 6 მაისის პარკი - გახლავთ ერთერთი უძველესი სამოქალაქო ბაღი საქართველოში. მას 130 წლის ისტორია აქვს. პარკის მშენებლობა 1881 წელს „ნური-გელის“ ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა პრუსიელი მებაღე რესლერი. 1885 წლიდან ქალაქის ბაღისა და უკვე დაწყებული ბულვარის მშენებლობის ხელმძღვანელად მოიწვიეს ფრანგი მებაღე მიხეილ დალფონსი. იმ დროისათვის პარკის საერთო ფართობი იყო 78000 კვ.მეტრი. რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად ქალაქის ბაღს „ალექსანდრეს ბაღი“ ეწოდა. 1932 წელს ქალაქის ბაღი გადაკეთდა კულტურისა და დასვენების პარკად, 1933 წელს – ბავშვთა პარკად, შემდგომ – პიონერთა პარკად, 2006 წლიდან კი მას „6 მაისის პარკი“ ჰქვია. ფოტო გალერეა