მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
პირველი სახელობითი დაცული ტერიტორიის დაარსება უკავშირდება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებასა და განვითარებაში და, ზოგადად, ქვეყნის გარემოს დაცვაში ნუგზარ ზაზანაშვილის მიერ შეტანილი წვლილის დაფასებას. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საერთო ფართობი 13 273 ჰექტარს შეადგენს. ქვეყანაში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კრიტერიუმების მიხედვით პირველი VI კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსების ძირითად მიზანს საქართველოში რეინტროდუცირებული ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენს. სამუხის ველი მოიცავს ზურმუხტის ქსელის სამუხის ტერიტორიას და წარმოადგენს მნიშვნელოვან საბინადრო გარემოს ფლორისა და ფაუნის იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის. აღნიშნულ ადგილზე დაცული ტერიტორიის დაარსება ხელს შეუწყობს ადგილობრივ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერებას, საკვანძო სახეობის დაცვას, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას და თუში მეცხვარეების ტრადიციების შენარჩუნებას.