დაცული ლანდშაფტი

საქართველოში 4 დაცული ლანდშაფტია. მათი საერთო ფართობია 160 191 ჰა.

თუშეთის დაცული ლანდშაფტი

პირველი დაცული ლანდშაფტი - თუშეთის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2003 წელს (31 320 ჰა). 2011 წელს იგი გაფართოვდა და დღეს მისი ფართობი 31 518 ჰა-ს შეადგენს. ამ კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა, კონსერვაციის მიზნების ხელშეწყობა, ამავდროულად ეკოტურიზმის განვითარება და სოციალური პროექტების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუშეთის დაცული ლანდშაფტი იმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისიტრაციასთან და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

არაგვის დაცული ლანდშაფტი

არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის − ხეობებს. მისი საერთო ფართობი 99 802 ჰექტარს შეადგენს. 

არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, რომელიც ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად არის ჩამოყალიბებული; ასევე, ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად, რათა გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად, დაცული იქნას ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები.

საქართველოს კანონი „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი იანვრიდან.

არაგვის დაცული ლანდშაფტი არის IUCN-ის მიხედვით დაცული ტერიტორიის V კატეგორია, რომელსაც მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მეშვეობით, გარდა სახელმწიფო ტყისა, რომელზეც პასუხისმგებელია და მართავს ეროვნული სატყეო სააგენტო.


თრუსოს დაცული ლანდშაფტი


თრუსოს დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს თრუსოს ხეობას. მისი საერთო ფართობი 7 007 ჰექტარს შეადგენს.

თრუსოს დაცული ლანდშაფტი შეიქმნა ეროვნული მნიშვნელობის და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.

საქართველოს კანონი „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ ძალაში შევიდა 2021 წლის პირველი იანვრიდან.

 

ტანისა და თეძამის დაცული ლანდშაფტი

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი 2023 წელს გორის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და მოიცავს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებს, მდინარეების ტანასა და თეძამის აუზებს. მისი საერთო ფართობია 21 864 ჰა.

დაცული ლანდშაფტის დაარსების მთავარ მიზანს ადგილობრივი თემის განვითარებისთვის ხელშეწყობა და რესურსების მდგრადი მართვით ბუნების კონსერვაცია წარმოადგენს.

ტანასა და თეძამის  ხეობები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები.  ტანისა და თეძმის ხეობებს გააჩნია მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა რომელიც წარმოადგენილია ადრეული საუკუნეების ტაძრების, ციხე-კოშკებისა და ნასოფლარების სახით.

ტანისა და თეძმის ხეობების გეოგრაფიული მდებარეობა ეკოტურიზმის მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. დაცული ლანდშაფტი იმართება გორის მუნიციპალიტეტის მიერ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის განვითარებაში.