კვერეთის აღკვეთილის ბიომრავალფეეროვნება
კვერეთის აღკვეთილი
კვერეთის აღკვეთილი მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს მდინარეების − ჯრუჭულისა და ჩიხურის სათავეებს, მათი ზემოწელის წყალშემკრები აუზების ტყესა და სუბალპურ მდელოებს. კვერეთის აღკვეთილის საერთო ფართობია 14797 ჰექტარი.
კვერეთის აღკვეთილი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფერონვებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით, აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე გავრცელებული საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია მურა დათვი, ფოცხვერი, წავი და იშვიათად არჩვი. მტაცებელი ფრინველებიდან აღსანიშნავია ველის არწივი, მიმინო, ქორი, შევარდენი, ბუ და სხვა. ტყისა და ალპურ ზონებში ბინადრობს მთის ტოროლა და საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები, როგორიც არის კავკასიური როჭო და შურთხი.
ბიომრავალფეროვნება
ფლორა
კვერეთის აღკვეთილი წარმოდგენილია რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს მდინარე ჯრუჭულასა და ჩიხურას სათავეებისა და ზემო წელის წყალშემკრები აუზის ტყის, სუბალპური და ალპური მდელოების სავარგულებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყეებში დაბალმთიან ზონაში 800-1000 მეტრამდე გავრცელებულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. აქ იზრდება კოლხეთის მეზოფილური ტყის დამახასიათებელი ელემენტები: მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, მურყანი. ქვეტყეს მეტწილად ქმნიან შქერი, წყავი, ჭყორი და სხვა.
მთის ტყის შუა სარტყელი 1000-1400 მეტრამდე უკავია წიფლნარ-რცხილნარებს. ტყეში ხარობს აგრეთვე ცაცხვი, თელა, ნეკერჩხალი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება: შქერი, წყავი, ბაძგი, მოცვი, თხილი, იმერული ხეჭრელი და სხვა.
რაჭის ქედის კალთაზე 1400-1500 მ.-ის ზემოთ არის მხოლოდ წიფლნარი ტყე. ქვეტყეში გვხვდება მარადმწვანე (შქერი, ჭყორი, თაგვისარა და სხვა) და ფოთოლთმცვივანი სახეობები. ტყის ფართობებზე, ასევე, ვხდებით გარეული ხილს, კერძოდ: მაჟალო, პანტა, მოცვი და სხვა. ნაკლებად სახეცვლილი ტყის სახით კორომები შემონახულია რაჭის ქედის სამხრეთ კალთებზე სადაც ძირითადი სახეობებია: წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი; იშვიათია წიწვიანები.
რაჭის ქედის თხემურ ზოლში 1900 მ-ის ზევით გავრცელებულია სუბალპური ტყე-მდელოს მცენარეულობა: სუბალპური პარკული და ტანბრეცილი ტყეები და სუბალპური ბუჩქნარი და მაღალბალახეული საფარი. პარკულ ტყეებში გაბატონებულია ნეკერჩხალი, ტანბრეცილ ტყეებში - არყი, ცირცელი და წიფელი. სუბალპურ ბუჩქნარებში გვხვდება დეკა, ღვია, მოცვი, მაღალბალახეულ საფარში - დიყი, დუცი, შროშანი, დეზურა და სხვა.
სუბალპური სარტყლის ზედა ზოლი უკავია დამკორდებელ მარცვლოვან მდელოებს. ალპური მდელოს მცენარეულობა მხოლოდ დაღვერულის მთის კალთებზეა. აქ მდელოს ქმნის ბურბუშელა, ქარცხვი, მარმუჭი, კვლიავი, ბაია, ნაღველა, ქვატეხია, ძიგვა და სხვა.
კვერეთის აღკვეთილში აგრეთვე შედის კორბოულის ზეგანზე 500-800 მ.-მდე გავრცელებულია მუხნარი და მუხნარ-რცხილნარი ტყე. სადაც წარმოდგენილია ქართული მუხა, ჭალის მუხა, იმერული მუხა, რცხილა, ჯაგრცხილა, იფანი, ნეკერჩხალი, თელა და სხვა. ტყეში არის კუნელი, ზღმარტლი, იელი, თრიმლი და სხვა.
საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები
საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობებიდან აღსანიშნავია მაღალმთის მუხა (Quercus macranthera Fisch et Mey), იმერული მუხა (Quercus imeretina), უთხოვარი (Taxus baccata L.), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.), კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.) და ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora C. Koch.).
ფაუნა
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე გავრცელებულია ტყისა და მთა მდელოს ზონების ცხოველები, სადაც საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია მურა დათვი (Ursus arctos); ფოცხვერი (Lynx lynx), წავი (Lutra lutra Linnaeus). ტერიტორიაზე, ასევე, ფართოდ არის გავრცელებული ფრინველთა, ქვეწარმავლებისა და ამფიბიების წარმომადგენლები.