რაჭის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება

რაჭის ეროვნული პარკი

რაჭის ეროვნული პარკი მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მისი საერთო ფართობია 50835 ჰექტარი.

ბიომრავალფეროვნება

ფლორა

რაჭა-ლეჩხუმის ფლორისტული სიმდიდრე შეადგენს 1198 სახეობას, 491 გვარსა და 106 ოჯახს. აქედან 272 კავკასიის და საქართველოს ენდემია (გაგნიძე, კემუ-ლარია-ნათაძე, 1985). ბიომრავალფეროვნების დიდი პროცენტი (95-98%), რა თქმა უნდა, ზემო რაჭაზე მოდის, რაც აიხსნება ამ რაიონის მაღალმთათა უფრო მასიურობით, ტყის ფიტოლანდშაფტთა ნაირგვარობით და სხვ. აღნიშნულ რეგიონში მაღალი მთის (1800-3800 მ) ფლორისტული სიმდიდრე შეადგენს 504 სახეობას, 201 გვარსა და 64 ოჯახს. აქედან 225 ენდემური სახეობაა (შეთეკაური, 1999). ენდემურ სახეობათა რაოდენობა მცენარეულობის სხვადასხვა ტიპში (ფლოროცენოტურ კომპლექსში) განსხვავებულია. მამისონის უღელტეხილის შემოგარენი ენდემურ სახეობათა მრავალფეროვანი სიმდიდრით გამოირჩევა.  ასევე, ბიომრავალფეროვნებითა და ენდემურობით განსაკუთრებით გამორჩევა სუბალპური სარტყელი (შეთეკაური, გაგნიძე 2000), რომელიც უშუალოდ მაღალმთის ტყეების გავრცელების არეა.

საქართველოსწითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები

საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ხე-მცენარეთა შემდეგი სახეობები: ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill (VU); კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark. (VU); მაღალმთის მუხა (Quercus macranthera Fisch et Mey (VU)); უთხოვარი (Taxus baccata L (VU); შიშველი თელადუმა (Ulmus glabra Huds (VU); კაკლის ხე (Juglans regia L (VU).

ენდემები

საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ზოგიერთი სახეობა ამავდროულად კავკასიის ენდემიცაა და მოითხოვს განსაკუთრებულ კონსერვაციას.

ფაუნა

ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, ტერიტორიისთვის ცნობილია თევზების ათი სახეობა, რომლებიც ძირითადად მდ. რიონში და მდ. რიონის შენაკადებში (შენაკადების მდ. რიონთან შესართავებში და შესართავების მახლობლად) გვხვდება.

რაჭის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ამფიბიების 9,  რეპტილიების - 15, ფრინველების - 117, ძუძუმწოვრების 54  სახეობა. ძუძუმწოვრების მრავალფეროვნება განსაკუთრებით მაღალია ლუხუნისწყალზე (20 სახეობა), ასევე, შაორის წყალსაცავის (17 სახეობა), შარაულასა (16 სახეობა) და შქმერი-მრავალძალის (18 სახეობა) უბნებზე.

 

საქართველოსწითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები

ტერიტორიაზე იდენტიფიცირებულია საქართველოს წითელი ნუსხის სახეობები: მდინარის კალმახი (Salmo fario Linnaeus), აჭარული ხვლიკი (Darevskia mixta), დინიკის გველგესლა (Vipera dinniki Nikolsky), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi Nikolsky), სამხრეთული ცხვირნალა (Rhinolophus euryale), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus Schreber), წავი (Lutra lutra), მურა დათვი (Ursus arctos Linnaeus), ფოცხვერი (Lynx lynx), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus Güldenstaedt), ქლუხორული თაგვანა (Sicista kluchorica Sokolov), პრომეთეს მემინდვრია (Prometheomys schaposchnikovi Satunin), დასავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra caucasica Guldenstaedt and Pallas), არჩვი (Rupicapra rupicapra), ორბი (Gyps fulvus), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), მთის არწივი (Aquila chrysaetus), კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), წითელმუცელა ბოლოცეცხლა (Phoenicurus erythrogastrus Güldenstadt,), დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla), ყარყატი (Ciconia nigra).