ტანას აღკვეთილის ბიომრავალფეროვნება

ტანას აღკვეთილი

ტანას აღკვეთილი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. აქ მთავრდება შიდა ქართლის ვაკე და იწყება მისი ზეგანი, სადაც ერთმანეთს ცვლის ქარაფები, ალპური ბორცვები და გორაკები. ტანას აღკვეთის ფართობი შეადგენს 10 986 ჰექტარს.

მდინარე ტანას ხეობა დაყოფილია სხვადასხვა ქედებით, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 2261 მეტრს აღწევს, მაგალითად, ჯამჯამას ქედზე. ხეობის ყველაზე დაბალი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე.

ტანას ხეობა გეოლოგიურად მესამეულ წყებაში მოქცეულ ახალგაზრდა ტექტონიკურ დეპრესიას წარმოადგენს და დაფარულია მეოთხეული ნალექებით, როგორც ალუვიურით, ისე ფლუვიოგლაციურით და დელუვიურით. ლითოლოგიურად ისინი წარმოდგენილია თიხებით, რომელსაც ერევა ქვიშა და ღორში, თიხოვანი ქვიშები და კენჭები.

ბიომრავალფეროვნება

ფლორა

რთული რელიეფისა და ზღვის დონიდან სიმაღლეების მნიშვნელოვანი ვარიაციის გამო, ტანას აღკვეთილში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ლანდშაფტები და მცენარეულობა.

რეგიონის ძირითად ლანდშაფტებს წარმოადგენს: მშრალი სერებიანი სუბტროპიკული ლანდშაფტი ტყის ყავისფერ ნიადაგებზე განვითარებული არიდული ტყის ელემენტებით; დაბალი მთები ტყის ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული მუხნარ-რცხილნარებით და წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყით და მთა-მდელოს ნიადაგებზე განვითარებული სუბალპური მცენარეულით.

საქართველოს გეობოტანიკური დარაიონების (რ.ქვაჩაკიძე, 2010) მიხედვით, მდ. ტანას აუზი მოქცეული ცენტრალური თრიალეთის გეობოტანიკური რაიონში, სადაც დასავლეთ თრიალეთის მსგავსად მცენარეულობის განაწილება ექვემდებარება ვერტიკალურ-ზონალური გავრცელების საერთო კანონზომიერებებს. მაგრამ, ხანგრძლივი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სამხრეთ და სამხრეთისკენ გარდამავალი ექსპოზიციის ფერდობებზე მცენარეულობის ბუნებრივი განაწილება ძლიერ დარღვეულია.

ძირითად მცენარეულ საფარს სოფელ ზემო ატენთან მუხნარ-ჯაგრცხილნარი ტყეები ქმნიან, ხოლო უფრო ქვემოთ სოფელ ატენთან - კლდის ქსეროფიტული დაჯგუფებები და მშრალი ტიპის ბუჩქნარები წარმოადგენენ. ამ ადგილებში გავრცელებულია წითელი ნუსხის სახეობა ტანას გლერძიც (Astragalus tanae).

მდ. ტანას ხეობაში გამოიყოფა მცენარეულობის ორი სიმაღლითი სარტყელი: ტყის და სუბალპური სარტყელები.

ტყის სარტყელი მდებარეობს 650-1800 მ-ის ფარგლებში და წარმოდგენილია 2 ქვესარტყელით:

  • მუხნარი (Quercus iberica) ტყეები;
  • წიფლნარი (Fagus orientalis) და მუქწიწვიანი (Picea orientalis, Abies nordmaniana) ტყეები.

 

ფიჭვნარ (Pinus sosnowskyi) ტყეებს მნიშვნელოვანი ფართობები უკავია მდ. ტანას და თეძმის მარცხენა შენაკადის მდ. ვიცხას აუზში - სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე.

ჭალის ტყეები წარმოდგენილია ფრაგმენტულად მდინარეების პირველი და მეორე ტერასების გაფართოებულ ნაწილებში (მდ. თეძმის აუზი). მათ შემადგენლობაში მონაწილეობს: ოფი (Populus nigra), ხვალო (Populus canescens), ტირიფები (Salix excelsa, S. alba), თელა (Ulmus minor), ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ფშატი (Eleagnus angustifolia), კოწახური (Berberis vulgaris), ქაცვი (Hippophae rhamnoides), იალღუნი (Tamarix ramosissima), კუნელი (Crataegus kyrtostyla), შინდანწლა (Svida australis); გვხვდება ლიანებიც: კატაბარდა (Clematis vitalba), მაყვალი (Rubus anatolicus) და სხვ.

სუბალპური სარტყელი (1750-2500 მ) აერთიანებს სუბალპურ ტყეებს, ბუჩქნარებს, მაღალბალახეულობას და სუბალპურ მდელოებს.

 

საქართველოსწითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები

საკვლევ არეალში (თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობი - მტკვრის მარჯვენა შენაკადების: მდ. ძამას, ტანას, თეძმის აუზები) საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეებიდან გვხვდება 8 სახეობა:

  • კაკალი (Juglans regia) – VU (B1)
  • მაღალმთის მუხა (Quercus macranthera) – VU (A2)
  • ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora) – VU (B1b – I, II, III)
  • შიშველი თელადუმა (Ulmus glabra) – VU (A1cde)
  • პატარა თელადუმა (Ulmus minor) – VU (B1)
  • უხრავი (Ostrya carpinifolia) – EN (A1 + 2c)
  • ყამბრო (Crataegus pontica) - VU (B1bc)
  • ტანას გლერძი (Astragalus tanae) – EN (B1a + 2a)
  • უთხოვარი  (Taxus baccata)
  • შავი ღვია (Juniperus foetidissima)

გარდა აღნიშნული სახეობებისა ტანას აღკვეთილში წარმოდგენილია მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე შემდეგი სახეობები - კავკასიური იორდასალამი (Paeonia caucasica) და აწყურული მიხაკი (Dianthus azkurensis ).

ენდემები და რელიქტები

მდ. ტანას აუზში გავრცელებული ფლორის სახეობებიდან 24 საქართველო ენდემია, ხოლო 66 სახეობა - კავკასიის ენდემი.

 

ფაუნა

ტანა აღკვეთილი ხასიათდება ფაუნის სახეობების საკმაოდ მაღალი მრავალფეროვნებით, თუმცა ტერიტორია ნაკლებადაა შესწავლილი და ფაუნისტური კვლევები ეპიზოდურია.

ტანას აღკვეთილში გავრცელებული ფაუნის სახეობების ნუსხები წარმოდგენილია დანართში: თევზები: კალმახი (Salmo fario), წინააზიური გველანა (Cobitis aurata); რეპტილიები: ხმელთაშუაზღვეთის კუ (Testudo graeca), ფრინველები: ველის კაკაჩა (Buteo rufinus), მთის არწივი (Aquila chrysaetos), დიდი მყივანა არწივი (Aquila clanga), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), კავკასიური რიჭო (Tetrao mlokosiewiczi), ჭოტი ( Athene noctua), ძუძუმწოვრები: მურა დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus), წავი (Lutra lutra), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), ნაცრისფერი ზაზუნელა (Cricetulus migratorius).

საკმარისად არაა შესწავლილი ხეობის უხერხემლო ცხოველები, მაგრამ ცნობილია, რომ აქ მოლუსკების სულ მცირე 45 და პეპლების 15 სახეობა ბინადრობს. ამას გარდა ხეობაში გვხვდება ნემსიყლაპიათა მრავალი სახეობა და ხმელეთის, ნიადაგის და წყლის უხერხემლოთა სხვა უამრავი წარმომადგენელი.

საქართველოსწითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილია ხერხემლიანთა 15 სახეობა.