დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, ქ. პარიზში გამართულ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საკონსულტაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, ქ. პარიზში გამართულ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საკონსულტაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრას ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის ქვეყნებიდან იუნესკოს საიტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საკონსულტაციო შეხვედრა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულების პერიოდული ანგარიშგების მესამე ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებდა მონაწილე ქვეყნების მიერ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, როგორიცაა იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნების მართვა, აღნიშნულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და კონსერვაციის მექანიზმები და სხვა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნებმა წარმოადგინეს მიმდინარე პერიოდის „10-წლიანი რეგიონალური სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიში. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში ასევე შემუშავდა შემდეგი ათი წლის რეგიონალური სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების ვალდებულება UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანზე - „კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებზე“ გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“, კერძოდ კი საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები შეემატა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს დღის წესრიგით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულებას იმ უნიკალური ბუნების დასაცავად, რისთვისაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.