დაცული ტერიტორიები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 6 სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს, რომელთა საერთო ფართობი 67,141 ჰა-ს შედაგენს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დაცული ტერიტორიები საქართველოს ფართობის  0,97%-ს, ხოლო საქართველოს დაცული ტერიტორიების 12,8%-ს წარმოადგენს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  (ან აფხაზეთის) დაცული ტერიტორიები
აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოდგენილია 5 სახელმწიფო ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობია 60753 ჰა.

გუმისთის ნაკრძალი
გუმისთის ნაკრძალის ფართობია 13,400 ჰა. ნაკრძალი ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. იგი სოხუმის რაიონში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ხეობაში მდებარეობს. გუმისთის ნაკრძალი აფხაზეთიში არსებული ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დასაცავად 1978 წელს დაარსდა. 

ფსხუს ნაკრძალი
ფსხუს ნაკრძალი წარმოდგენილია 27,334 ჰა ფართობზე. ნაკრძალი ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ფსხუს ნაკრძალი მოქცეულია მდ. ფსხუს ქვაბულში, რომელიც ბზიფისა და კავკასიონის მთავარი ქედებით არის შემოსაზღვრული. ნაკრძალი 1978 წელს შეიქმნა და მისი მიზანია აფხაზეთში ხელუხლებელი წიწვოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა.

სკურჩის ნაკრძალი
სკურჩის ნაკრძალი ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს და მისი ფართობია 85 ჰა. მერქნიანი მცენარეებიდან სკურჩის ნაკრძალში აღსანიშნავია კოლხური ბზა, კოლხური ლეღვი, ჰართვისის მუხა, ლაფანი, კოლხური ჯონჯოლი და ველური ვაზი. სკურჩის ნაკრძალი აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის ინიციატივით 1971 წელს დაარსდა და  მიზნად ისახავს კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი, სუბტროპიკული ტიპის რელიქტიური ტყეების  დაცვას.

რიწის ნაკრძალი
რიწის სახელმწიფო ნაკრძალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქალაქ გაგრიდან 60 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ნაკრძალი წარმოდგენილია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაზე და მისი საერთო ფართობი 13,893 ჰა-ს შეადგენს. რიწის სახელმწიფო ნაკრძალი ზღვის დონიდან 928 მეტრის სიმაღლეზე მდებარე რიწის ტბის გარშემო მდებარეობს. ნაკრძალი 1957 წელს შეიქმნა, რიწის ტბის და მის გარშემო არსებული რელიქტიური ტყეების დაცვის მიზნით.

ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი
ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი 1966 წელს შეიქმნა ბიჭვინთის რელიქტიური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვის მიზნით. ნაკრძალი აფხაზეთში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სამი, ბიჭვინთის (165 ჰა), მიუსერისა (218 ჰა  და ლიძვის (1296 ჰა) მონაკვეთისგან შედგება. მიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის მთავარი მშვენება ბიჭვინთის ფიჭვია, რომლის ფუძიდანაც მომდინარეობს თავად ბიჭვინთის სახელწოდება. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეებიდან წარმოდგენილია: ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ლაფანა უთხოვარი, კოლხური ლეღვი, კავკასიური ხურმა და ხმელთაშუა ზღვის გარშემო ხმელეთისთვის დამახასიათებელი ისეთი მცენარეები, როგორიცაა ხემარწყვა და ხისმაგვარი მანანა.

შიდა ქართლის რეგიონის დაცული ტერიტორიები

ლიახვის ნაკრძალი
ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი სუბალპური ტყეების დაცვის მიზნით 1977 წელს დაარსდა. ნაკრძალი განლაგებულია ცხინვალის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარე პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელში, 6388 ჰა ფართობზე. ლიახვის ნაკრძალის შექმნის მიზანია ცენტრალური კავკასიონის სამხრეთული კალთებისთვის დამახასიათებელი: წიფლნარი, მუხნარი და რცხილნარი ტყეებისა და იქ არსებული ბიომრავალფეროვნების დაცვა. ლიახვის ნაკრძალში კეთილშობილი ირემი ბინადრობს, რომელიც ცენტრალური კავკასიონის ტერიტორიაზე მხოლოდ აქ გვხვდება.