დაქუეხი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

/ 73 კმ, 6 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული/

მთავარი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი დართლო, შუა საუკუნეების ციხე-კოშკები, პირიქითის ხეობისა და აწუნთის უღელტეხილის შთამბეჭდავი ლანდშაფტები, საჯიხვეები, ფრინველთა მრავალფეროვნება, პირიქითა ხევსურეთი და მთის არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშები - მუცო და შატილი.

მარშრუტი იწყება სოფელ ომალოდან და ძირითადად მიუყვება დართლოსაკენ მიმავალ სამანქანო გზას. გზა ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე და შემდგომ პირიქითა ხეობაში ეშვება. დართლოდან გზა პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირს მიუყვება. გირევის შემდეგ საფეხმავლო ბილიკი გადის ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე და მდინარის სათავეებამდე ადის. შემდეგ ბილიკი აწუნთის უღელტეხილზე გადადის, რომელიც ხევსურეთისა და თუშეთის გასაყარზე მდებარეობს და მისი გავლით ვიზიტორი ხვდება ხევსურეთში. მარშრუტი მთავრდება პირიქითა ხევსურეთის სოფელ შატილში, საიდანაც შესაძლებელია ავტოტრანსპორტით თბილისში ჩასვლა.

მარშრუტის გასწვრივ ცხვრის ბინებია (ჭეშო, თურსიეხი, ლუიბარჩე და საგინწყარო), თუში მეცხვარეების გაცნობა ვიზიტორს წარმოდგენას შეუქმნის მათ ყოფაზე შესაძლებელია უნიკალური თუშური ყველის დამზადების პროცესში ჩართვა და ქართული სელექციით გამოყვანილ პირუტყვის ჯიშების გაცნობა: თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, მეცხვარის ძაღლი.

საფეხმავლო მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: სოფელი ომალო - სოფელი დართლო, 18 კმ, ღამის გათევა შესაძლებელია როგორც სოფელ დართლოს საოჯახო სასტუმროებში, ასევე კარავში;

დღე 2: სოფელი დართლო - სოფელი გირევი. 13.5 კმ, ღამის გათევა კარავში;

დღე 3: სოფელი გირევი - ქვახიდი. 16.5 კმ, ღამის გათევა კარავში;

დღე 4: ქვახიდი - ხიდოთანი, ღამის გათევა კარავში;

დღე 5: ხიდოთანი - მუცო, ღამის გათევა კარავში;

დღე 6: სოფელი მუცო - შატილი.

ფოტო გალერეა

ჰიფსომეტრიული რუკა