წოვათა











/ 63 კმ, 4 დღე, საცხენოსნო, რთული  /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი ზემო ომალო, სოფელი დართლო და დართლოს საბჭეო, პირიქითა ხეობის მცველი კოშკები, ვერხოვანის სასტუმრო-კოშკი და სოფელ დოჭუს საცხოვრებელი არქიტექტურა.

მარშრუტი იწყება ქვემო ომალოდან, თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან. ბილიკი ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე, რაც ოდითგანვეიყო თუშეთის ოთხივე თემის შეკრების ადგილი. ღელედან გზა მიემართება დართლოს მიმართულებით, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი უნიკალური არქიტექტურით. დართლოდან გზა მიუყვება პირიქითა ალაზნის მარცხენა სანაპიროს. დანოს შირუმიანებში გავრცელებულია ფურისულა. შემდეგი სოფელია ჭეშო. სოფელს გაღმიდან გადმოჰყურებს კლდეზე შემდგარი კოშკი ე.წ. ,,თეთრციხე’’. გზა კლდოვან პლატოზე გაშენებულ სოფელ ფარსმას ადგება. სოფელში შემორჩენილია სამი დიდი საგვარეულო ციხე-სახლი და პირამიდის ფორმის სახურავიანი კოშკი. ფარსმიდან მარშრუტი გადის  პირიქითა ალაზანზე და მიუყვება ნაყაიჩოს უღელტეხილისაკენ (2,900 მ ზღვის დონიდან). ნაყაიჩოდან ბილიკი ეშვება დადიკურთაში, რომელიც, ბოჭორნის მსგავსად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებაა თუშეთში და მდებარეობს ზღვის დონიდან 2,350 მეტრ სიმაღლეზე. ამას მოსდევს სოფელი  ვერხოვანი,საიდანაც მარჯვნივ გზა მიდის სოფელ წოვათისაკენ. გზად პირველი ნასოფლარია - წარო. სოფლის თავში მოჩანს სამარხი აკლდამები, უფრო მაღლა გორაკზე - ბერი სამებას ჯვარი. აქედან გზა აუყვება წოვათისწყლის მარჯვენა ნაპირს, ვიდრე მიადგება მაღალი მთებით გარშემორტყმულ წოვათის ველს და ნასოფლარებს. უკანა გზა გადის სოფელ ვერხოვანზე, რომელშიც თუშეთის ყველაზე მაღალი კოშკი (17მ) მდებარეობს. შემდეგ სოფელი ჯვარბოსელია, საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი დანარჩენ სოფლებზე - ვეძისხევზე, კოკლათასა და ალისგორზე.

ხითანის ველზე მდებარეობს ხითანის წმინდა გიორგის საგომეწრო-სალაშქრო მფარველი სალოცავი. ხითანიდან გზა მიუყვება გომეწრის ხეობას, საიდანაც მოჩანს გაღმა-გამოღმა მდებარე თუშური სოფლები. სოფელ ბოჭორნასთან გზა ნელ-ნელა ჩადის ქვემოთ ქუე-ომალოს მიმართულებით. მარშრუტზე სასმელი წყალი უხვადაა.

მარშრუტის გავლის სავარაუდოგანრიგი:

დღე 1: სოფელი ომალო - სოფელი ჭეშო (18.5 კმ), ღამის გათევა  საოჯახო სასტუმროებში ან კარავში.

დღე 2: სოფელი ჭეშო - ნაყაიჩოს უღელტეხილი - წოვათა - სოფელი ვერხოვანი (25 კმ), ღამის გათევა სოფელ ვერხოვანის ან ალისგორის საოჯახო სასტუმროში ან კარავში.

დღე 3: სოფელი ვერხოვანი/ალისგორი - სოფელი დოჭუ (7.5 კმ), ღამის გათევა სოფელ დოჭუს საოჯახო სასტუმროებში.

დღე 4: სოფელი დოჭუ - ქუე - სოფელი ომალო / ვიზიტორთა ცენტრი (12 კმ).

ფოტო გალერეა

ჰიფსომეტრიული რუკა