დოჭუ
/ 27 კმ, 2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /
მთავარი ღირსშესანიშნაობები: სოფელი დოჭუ, ფიჭვნარი ტყის ჰაბიტატები, ნიამორის ჰაბიტატი, ალპური მდელოები.
ომალოს “საძახებელი გორიდან” ეშვება მიხვეულ-მოხვეული ბილიკი ხახაბოს ჭალაში, საცალფეხო ხიდით გადის გომეწრის ალაზანზე და შეუყვება ციცაბო აღმართს სოფელ ხახაბოსაკენ.
ხახაბოდან საცალფეხო ბილიკს კეხის გადასასვლელისაკენ მივყავართ, საიდანაც ხელისგულივით იშლება გომეწრის ჭანჭახოვანის და ჩაღმის ხეობები, თუშური სოფლები.
კეხიდან ბილიკი ეშვება ფოთლოვან ტყეში, გადადის ორწყლის ხიდზე და შეუყვება გოგრულთისაკენ. გოგრულთა საალმის მთის აღმოსავლეთის კონცხზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი სამუშაოების დროს აქ აღმოაჩინეს V საუკუნის სამარხები.
გოგრულთიდან ბილიკი ეშვება დოჭუს ჭალაში. დოჭუ გაშენებულია კლდის ქიმზე. სხვა სოფლებისაგან გამოირჩევა სამსართულიანი აივნიანი სახლებით.
დოჭუდან ბილიკი ზემოთ კვეთს გომეწრის სამანქანო გზას და აუყვება სახეოს ალპურ ზონას. სახეოდან ბილიკი მიემართება აღმოსავლეთის მიმართულებით, სამარხილე გზაზე, გოგორათის გორებისაკენ და ჩადის ღელეზე. გომეწარ-პირიქითას წყალგამყოფი ქედიდან ხელისგულივით იშლება პირიქითას, ჩაღმისა და გომეწრის ხეობები. ღელედან ბილიკი მიდის ქვემო ომალოსაკენ და ადის ჯერ ზემო ომალოს პლატოზე და შემდეგ ეშვება ქვემო ომალოში. მარშრუტზე სასმელი წყალი უხვადაა.
ტურის აღწერა:
დღე I: სოფელი ომალო - სოფელი ხახაბო - სოფელი გოგრულთა - სოფელი დოჭუ - 12 კმ. ღამის გათევა შესაძლებელია სოფელ დოჭუს საოჯახო სასტუმროში.
დღე II: სოფელი დოჭუ - გოგორათა - ღელე - სოფელი ომალო (ვიზიტორთა ცენტრი) 15 კმ.