დაცული ტერიტორიების სააგენტო, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მუშაობას იწყებს არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტზე

დაცული ტერიტორიების სააგენტო, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მუშაობას იწყებს არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერი პეტრა მოიზისოვა ესწრებოდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო ნაბიჯები, რათა ობიექტის განვითარება მოხდეს როგორც მღვიმის, ისე ვიზიტორთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. თავდაპირველად დაგეგმილია ჰიდროლოგიური, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები, რომლებსაც კომპეტენტური ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი განახორციელებს ჩეხეთიდან, რათა მათი რეკომენდაციებისა და შეფასებების მიხედვით მოხდეს მღვიმის განვითარება.

მხარეებს შორის საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმეს კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და შესაძლებლობას იძლევა წვლილი შეიტანოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალდში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ჩეხეთის მთავრობას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარებისა და მისი პოტენციალის შესწავლის მიზნით, პარტნიორმა ქვეყანამ 500 000 ევროს ოდენობით გრანტი გამოყო. პროექტის განხორციელება პანდემიის გამო დროებით შეჩერდა. მიმდინარე წელს კი პროექტზე მუშაობა დაცული ტერიტორიების სააგენტომ აქტიურად განაახლა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობასა და სამომავლო პროექტების განვითარების საკითხებს.