დაცული ტერიტორიების სააგენტო მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს ეროვნული პარკების სახელით წარსდგა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს ეროვნული პარკების სახელით წარსდგა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა, განსაკუთრებით კი სალაშქრო მიმართულებებმა, დიდი დაინტერესება გამოიწვია გამოფენის მონაწილეთა შორის, განსაკუთრებით გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის, ამერიკის, წარმომადგენლებში, რომლებთანაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა.
2023 წელს საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა და ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულ ათიათასობით აუდიტორიაზე ჰქონდა წვდომა.
ITB Berlin-ის 3 დღიან გამოფენაზე საქართველოს დაცული ტერიტორიებმა წარმოადგინა ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება, შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ეროვნული პარკების მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის შესახებ, ვირტუალური სათვალეების საშუალებით კი ეცნობოდნენ საქართველოს უნიკალურ დაცულ ტერიტორიებს.
საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ტურისტულ სეგმენტზე გასვლისა და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ამ მნიშვნელოვანი გამოფენის მონაწილე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით გახდა. საქართველოდან აღნიშნულ გამოფენაში 80-მა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.