დაცული ტერიტორიების სააგენტოში კოლხეთის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების წყლის მართვის გეგმის დოკუმენტების განხილვა გაიმართა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კოლხეთის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების წყლის მართვის გეგმის დოკუმენტების განხილვა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ და კოლხეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკის და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების წყლის რესურსების მართვის გეგმის მომზადების წინასაპროექტო ანგარიშს, რომელიც შემუშავდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ექსპერტების მიერ.

 დოკუმენტის მომზადება ხორციელდება ეროვნული კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტებისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დირექტივების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ჯავახეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო და არასამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივი თემების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 დაცული ტერიტორიების წყლის რესურსების მართვის გეგმის პროექტის მიზანია დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის გაუმჯობესებას, სახეობების კარგვისა და ჰაბიტატების დეგრადაციის შეჩერებას.