ფესტივალი "მზე მოე"

თუშეთის ეროვნულ პარკში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში - ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, თუშური სამზარეულოს დეგუსტაცია, ტრადიციული თამაშები, დოღი, ჯგუფი „მადლის“, ლელა თათარაიძისა და „კესანეს“ კონცერტი - მონაწილეობა ტურისტებთან ერთად თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობამაც მიიღო. ფესტივალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი, ჩეხეთის ელჩი ტომაშ პერნიცკი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩეხეთის ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცა. „მზე მოე“ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით გაიმართა.