პროექტის „ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში“ ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და რეინჯერებს თესლის კაფსულირების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

პროექტის „ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში“ ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და რეინჯერებს თესლის კაფსულირების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
სასწავლო კურსის მიზანი იყო მონაწილეებისთვის კაფსულირების თეორიული საფუძვლების და პრაქტიკული მეთოდების გაცნობა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს კაფსულირების მეთოდის დანიშნულება და უპირატესობები. აღნიშნული მეთოდი დეგრადირებული ტყეების ბუნებრივი აღდგენის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეები იმერული მუხის რკოს კაფსულირების პროცესში ჩაერთნენ.
რკოს კაფსულირება არის მეთოდი, რომლის დროსაც თესლი (ამ შემთხვევაში მუხის რკო) სპეციალურ ბიოდეგრადირებად კაფსულაში თავსდება. კაფსულა იცავს თესლს გარეგანი ფაქტორებისგან და ეხმარება უკეთ გაღვივებასა და აღმოცენებაში.
თესლის კაფსულირების თემაზე ტრენინგი გააძლიერებს რეინჯერების პროფესიულ შესაძლებლობებს აჯამეთის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ბიომრავალფეროვნების აღდგენის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის, 2016 წლიდან, აჯამეთის აღკვეთილში წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის — იმერული მუხის აღდგენის პროექტი, რომელიც კომპანიის „ბი პი“ ფინანსური მხარდაჭერით და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ შესრულებით ხორციელდება.