წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობები: ბუნების ძეგლი წარმოადგენს ულამაზეს კოლხური ტყით დაფარულ, განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეულ მდ. წყალწითელას კანიონისებურ ხეობას. ლეგენდის თანახმად წყალწითელას სახელი ხრესილის ომის დროს დაერქვა, რადგან სისხლისაგან წყალი წითლად შეიღება. სინამდვილეში როცა მდინარე დიდდება, ის წითელი მიწის ქანებს რეცხავს, რომლებიც ოკრიბაში ამ მდინარის გასწვრივ თითქმის ყველგანაა და წყალი წითელ ფერს იღებს.ხეობაში ხმელეთსა და წყალქვეშ მრავალი მინერალური წყარო მდინარეს სძენს საოცარ სამკურნალო თვისებებს. მდინარეში მრავლადაა კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია და სხვა, მდინარის ნაპირებზე კი წავი და ნუტრია ბინადრობს. ზამთარში შესაძლებელია წყალმცურავი ფრინველების ნახვა, ძუძუმწოვრებიდან კი ტურა, მელა და მაჩვი გვხვდება. ხეობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისტორიული კულტურის ძეგლები: გელათის სამონასტრო კომპლექსი და წმინდა მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მონასტერი.

 

მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტები, მდ. წყალწითელას ხეობა - გელათის ხიდიდან გოდოგანის ხიდამდე, 130-200 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 16.828 E42 45.645

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. ქუთაისი - მოწამეთას მონასტერი - წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი - 9,6 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელ: 577 10 18 06
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge/ zkvantaliani@apa.gov.ge